Saturday, June 9, 2012
ვარსკვლავი ნატო ვაჩნძე
ნატო ვაჩნაძე ის იყო ქართული საბჭოთა პერიოდის კინოს მეგავარსკვლავი მისი კარიერის მწვერვალზე საბჭოთა კინომ მას ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა.ის იქცა ქართული კინოს ლეგენდად,მან ქართული კინოსტუდია საქკინმრეწვი საბჭოთა კავშირში უდიდესი გახადა.
ელდარ შენგელაია:
პირველ ყოვლისა ის იყო ჩვენი დედა. ამიტომ მე ვიხსენებ არა მის შემოქმედებასთან დაკავშირებულ ეპიზოდებს, არამედ ჩვენს სახლს, ჩვენს ურთიერთობას. დედა, თავისი ბუნებით ძალიან კეთილი და რბილი ადამიანი იყო და ჩვენც მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. პირადად მე არც ისეთი დამჯერე და მშვიდი ვიყავი, მაგრამ არ მახსოვს დედაჩემი გაბრაზებული. შეიძლება გაბრაზებულიყო კიდეც, მაგრამ ამ ყველაფერს სხვანაირად გამოხატავდა. დიდი მეგობარი იყო ჩვენი და ძალიან გვიყვარდა. მადლიერები ვართ კიდევ იმიტომ, რომ უმამოდ ვიყავით გაზრდილები და ეს არ გვიგვრძნია. თუ რამეზე გვქონდა საუბარი, დედა აუცილებლად გვეტყოდა, რომ მამა ასე იფიქრებდა, ასე იტყოდა, ასე შეაფასებდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მე მამის გარეშე არ გავზრდილვარ, ისეთ ატმოსფეროს ქმნიდა დედა. ამიტომ ძალინ დიდი დარტყმა იყო ჩვენთვის, სამივე ძმისთვის მისი გარდაცვალება.
მთელი მისი შემოქმედება, ეს არის ერთი უწყვეტი ლენტი. თუ შეიძლება ასე ითქვას. ამასთან, ის დრო მელოდრამის პერიოდი იყო. დედაჩემი ძალიან ხალისიანი და ცნობისმოყვარე გახლდათ. ბევრი მეგობარი ჰყავდა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს საბჭოთა კავშირში. ხშირად ამბობდა: სულ მკლავენ, მახრჩობენ და ერთხელ კომედიაც მათამაშეთო. ამიტომ ძნელია რომელიმე როლი გამოარჩიო. მუნჯი კინოს პერიოდი სხვა იყო და ხმოვანი კინოს დრო სხვა. ბევრი ცნობილი მსახიობი ჩამოშორდა კინოს იმიტომ, რომ ხმამ შეუშალა ხელი. დედამ ძალიან ბევრი იშრომა. მე ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუყურებ ფილმს „არსენა“. ძალიან მომწონს არსენას და მისი საუბარი…
“ომამდე შედარებით კარგი ცხოვრება გაელვებასავით მახსოვს. ომის დროს კი ჩვენც ისევე გვიჭირდა, როგორც ყველას, მამა უკვე აღარ იყო, დედა სამ შვილს ტალონებით აღებული შავი პურით და მინიმალური შეშით გვკვებავდა და გვათბობდა. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც სრულიად უცხო ადამიანები ხელს უმართავდნენ. ომის დროს კინოწარმოება შეწყდა, დედა სხვა მსახიობებთან ერთად კონცერტებს მართავდა, ხშირად დადიოდა რაიონებში, საიდანაც სანახაობის საფასურად აღებული პროდუქტით ბრუნდებოდა, რაც ბავშვებს ძალიან გვახარებდა. შვილების მიმართ ძალიან თბილი იყო. ჩემი ძმები, თენგიზი და გიორგი ჩემზე დინჯები იყვნენ, კარგად სწავლობდნენ. მე მათთან შედარებით ცელქი ვიყავი, მაგრამ არ მახსოვს, დედას ხმამაღლა მოეცა შენიშვნა, მშვიდად მიმითითებდა და სულ ეს იყო მისი სიმკაცრე, შვილებისთვის ყველაფრის პატიება შეეძლო. ხშირად ჩიოდა, ყველა ფილმში მკლავენო და ძალიან უნდოდა კომედიაში თამაში, რადგან ბუნებით ძალიან ლაღი და მხიარული ადამიანი იყო, თუმცა ტრაგიკული ბედით…”
გიორგი შენგელაია:
-მეც, ალბათ, იგივეს ვიტყოდი. ნატო ვაჩნაძე ჩემთვის და ელდარისთვის უპირველესად არის დედა. რა მსახიობი იყო, რა როლებს თამაშობდა ეს ჩვენი შესაფასებელი არ არის. თუმცა, რომ დავეუფლეთ ამ პროფესიას და გავხდით კინოს მოღვაწეები, მერე შევაფასეთ უფრო მისი მსახიობობა. როგორც ელდარმა თქვა, იყო არაჩვეულებრივად დემოკრატიული ქალი. მახსენდება როგორ გვატარებდა კახეთში უბრალო ხალხთან, მათთან ერთად პურს აცხობდა, ფეხშიშველა დადიოდა, მაგრამ ის, როგორც მსახიობი, შევიგრძენი 1949 წელს, მის იუბილეზე, როცა ქართველმა ხალხმა მოღვაწეობის 25 წელიწადი გადაუხადა. მაშინ მე 12 წლის ვიყავი.
ჩემთვის გამორჩეული უფრო მუნჯური კინოს როლებია. საერთოდ რომ გითხრათ ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის, რომელიმე ძალიან გამორჩეული როლი არ არის. ის იყო ერთი ვარსკვლავი, რომელიც იცვლიდა სახეს და სხვადასხვა როლებში ტრანსფორმირდებოდა. ყველა როლი კარგია. დედა იყო ერთნაირი ყველა როლში, კარგი გაგებით. იმიტომ, რომ თავის ბუნებას ასახიერებდა.
გიორგი ლეონიძე:
რაც გომბორი მთას უთქმელი დარჩა
და რაც ალაზნის ველს აქვს სათქმელი
წინანდლის ვარდი, სამგორის ფარჩა
და ალავერდის ოქროს სარკმელი…
გ.ლეონიძე, ექსპრომტი, 1942 წელი.
იოსებ ნონეშვილი:
ვაჩნაძიაანთ ტურფა ქალო
ლამაზების დედოფალო
შენი ღვაწლი, შენი ქება
პოემაშიც ვერ ითქმება,
ლექსში, როგორ ჩამოვთვალო…
მარიკა ლორთქიფანიძე:
„მე ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ოჯახის საშუალებით პირადად ვიცნობდი ნატოს. მე მას ვუყურებდი ეკრანზე, როგორც ღმერთქალს და მერე სახლში ჩვეულებრივ ადამიანს. ის იყო არაჩვეულებრივი მეგობარი. როცა ჩვენთან ოჯახში რამე პრობლემა შეიქმნებოდა, ის ყოველთვის გვერდში გვედგა. მაშინაც, როცა ბებიაჩემი, ანა მიქელაძე, ავადმყოფობდა, მოვიდოდა, დაუჯდებოდა, ისე ტკბილად ესაუბრებოდა, ვუცქერდი და ვფიქრობდი – ნუთუ ეს ის ქალია, რომელსაც მე ეკრანზე ვუყურებ. ნატო ვაჩნაძე ის პიროვნებაა, რომელიც არასდროს არ მოკვდება. ის ყოველთვის იქნება ქართველი ერისთვის სათაყვანებელი და უსაყვარლესი პიროვნება, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაიტანა ქართული ხელოვნება საქართველოს ფარგლებს გარეთ“.
გიგა ლორთქიფანიძე:
„საოცარი პიროვნება და ფანტასტიური თამადა იყო. თენგიზის მეგობრებს დაგვსხამდა, დაგვათრობდა და კარგ დროს გაგვატარებინებდა. დაუვიწყარი ადამიანი და არაჩვეულებრივი მოვლენაა ქართულ კულტურაში. ქალი, რომელმაც მისცა საქართველოს ისეთი ვაჟკაცი პიროვნება, როგორიც არის თენგიზ ვაჩნაძე და ორი გენიალური კინორეჟისორი ელდარი და გიორგი უკვადავების ღირსია“.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment